CinéDOC-Tbilisi 2013 წელს დაარსდა და იმ დროს პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი იყო სამხრეთ კავკასიაში. ფესტივალი ძირითადად ორიენტირებულია შემოქმედებით დოკუმენტურ ფილმებზე. აღსანიშნავია, რომ კინოფესტივალისა და დისკუსიების მეშვეობით, სამოქალაქო საზოგადოება და დამსწრე აუდიტორია განიხილავს კრიტიკულ სოციალურ საკითხებს და უყურებს ფილმებს, რომლებიც განსაკუთრებული, საინტერესო ადამიანებისა და ისტორიების შესახებ მოგვითხრობენ.  

CinéDOC-Tbilisi-ს ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ გახდეს ძლიერი პლატფორმა ქართველი და სხვა კავკასიელი რეჟისორებისთვის. ფესტივალის მაყურებელი ორიგინალური ფორმითა და კინოთხრობით გამორჩეულ დოკუმენტურ ფილმებს ეცნობა და შესაძლებლობა აქვს, რომ პირადად შეხვდეს ფილმების შემქმნელებსა თუ გმირებს და მათთან დისკუსიის მეშვეობით მეტი რამ გაიგოს ფილმისა და ამბის შესახებ.

ჩვენი მისიაა, რომ გამორჩეული პროგრამისა და სპეციალური ღონისძიებების მეშვეობით საქართველოში მცხოვრებმა მაყურებელმა უახლესი ქართული, რეგიონული და საერთაშორისო შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმები დიდ ეკრანზე იხილოს. ამასთანავე, ჩვენი საკვანძო ღირებულებები ადამიანთა უფლებების სწორ გააზრებას გულისხმობს, რის გამოც ჩვენებებისა და დისკუსიების მეშვეობით ვცდილობთ, რომ მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოში მცხოვრებ მაყურებელს დოკუმენტური ფილმების გზით გავაცნოთ.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით კინოჩვეებებსა და დისკუსიებს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ვმართავთ. ამასთანავე, ორგანიზებას ვუწევთ Civil Pitch-ს, პროექტს, რომლის ფარგლებშიც არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ მთავარ თემებზე შემოქმედებით დოკუმენტურ ფილმებს რეჟისორებთან თანამშრომლობით ქმნიან.

ამასთანავე, ფესტივალის გუნდი მართავს ვორკშოპებს კავკასიის რეგიონში მცხოვრები კინოპროფესიონალებისთვის. კინოთხრობით დაწყებული ახალი და ინოვაციური სატელევიზიო ფორმატით დასრულებული, ვცდილობთ, რომ ყველა თანამედროვე და საკვანძო მიმართულება მოვიცვათ და შევქმნათ ღია და მყარი საგანმანათლებლო პლატფორმა, სადაც საუკეთესო საერთაშორისო ექსპერტები ვორკშოპის მონაწილეებს თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ.

ამასთანავე ჩვენი მიზანია, რომ  სამხრეთ კავკასიაში ძლიერი რეგიონული იდენტობა შევქმნათ, რომელიც დაფუძნებულია საერთო ისტორიასა და კულტურულ ღირებულებებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ფესტივალის ფარგლებში ყოველწლიურად იმართება  რეგიონული კოორდინატორების ტრენინგი, რომელშიც ქართველ მონაწილეებთან ერთად, სომხეთისა და აზერბაიჯანის ფესტივალების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რეგიონული პლატფორმა და საკონკურსო სექცია Focus Caucasus-ია, რომლის ფარგლებშიც რეჟისორებისა და პროდიუსერების შემოქმედებას საქართველოში მცხოვრები მაყურებელი სიღრმისეულად ეცნობა. ამასთანავე ფესტივალმა 2019 წელს საფუძველი ჩაუყარა ახალ ინიციატივას, კინოპროექტების პრეზენტაციებისა და პიჩინგის პლატფორმას - New Talents Caucasus-ს, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა და ნიჭიერი რეჟისორების წარდგენას მსოფლიოში ცნობილი კინოპროფესიონალების, ექსპერტებისა და ფესტივალების წარმოამდგენლების წინაშე. აღნიშნული რეგიონული პლატფორმის წყალობით, მრავალი საინტერესო თანამშრომლობა დგება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიაში დოკუმენტური კინოკულტურის განვითარებას.

საგულისხმოა, რომ ყოველწლიურად იმართება საზაფხულო სკოლა, რომელიც შექმნილია სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი კინოპროფესიონალებისთვის.

ფესტივალი დასრულების შემდეგ  არ წყვეტს არსებობას და რეგიონული კოორდინატორების ფართო ქსელის მეშვეობით CinéDOC on Tour-ის ფარგლებში განაგრძობს სხვადასხვა აქტივობას. რის შედეგადაც დოკუმენტური კინოჩვენებები, მინიფესტივალები და დისკუსიები სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში იმართება.

A Project Of

© 2020 by CHRONOBREAK

#CineDOC-Tbilisi